„სავარაუდოდ, 12 დღეში დავასახელებ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს განახორციელებს“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, 12 დღეში დაასახელებს კომპანიას, რომელიც აღნიშნულ პროექტს განახორციელებს.
მინისტრის თქმით, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებიდან პირველი აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალია.
“რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რა თქმა უნდა, პირველი – ეს არის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი. ვიცით, რომ ეს პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო დავალება, რომ მათ უნდა წარმოადგინონ მაქსიმალურად შემჭიდროებული ვადები ამ პროექტის დასრულებისა. ანუ თუ პროექტის დასრულების ვადად განსაზღვრული იყო 2021 წელი, მან ვადა უნდა შეამციროს 2020 წლამდე. თავისი მასშტაბით ეს არის ძალიან დიდი პროექტი, დასახარჯია კიდევ 4,5/5 მილიარდი ლარი და ჩვენ ვსაუბრობთ პროცესების მნიშვნელოვან დაჩქარებაზე”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ვიცე-პრემიერმა ანაკლიის პორტის საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ჩამოსულები არიან კონსულტანტები და მთავრობა მათთან აქტიურად მუშაობს.
„განგიმარტავთ – იმისათვის, რომ ინვესტორს შეუთანხმდე, პირველ რიგში, აკეთებ იმას, რომ გარკვეულ ნაწილზე წინასწარ უთანხმდები და რაღაც ნაწილზე მას შემდეგ შეუთანხმდები, რაც გამარჯვებულად გამოაცხადებ. ჩვენ ამ წუთში, სიტყვის კარგი გაგებით – ვვაჭრობთ, რა ნაწილზე შევთანხმდეთ დღეს და რა ნაწილი იქნება გამოცხადების შემდეგ შესათანხმებელი გამარჯვებულ კომპანიასთან იმისთვის, რომ სახელმწიფოს ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ კომპანიას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტს განახორციელებს, 12 დღეში დაასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები