მთავრობამ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა 

საქართველოს მთავრობამ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა.
კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წარადგინა. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის დამტკიცებით მიუსაფარ ბავშვებზე ძალადობისა და მათი უგულებელყოფის აღკვეთის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯი იდგმება.
„ჩვენი საზოგადოების ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და ქუჩაში მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც ჩვენ რამდენიმე თვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან UNICEF-თან და ჩვენს კოლეგა სამინისტროებთან ერთად ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის საბჭოში შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც დღეს მთავრობამ ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებების უკეთესად დაცვას.
პირველი, რაც სიახლე იქნება, და მე მჯერა, რომ პარლამენტი ამ ჩვენს რეფორმას მხარს დაუჭერს, საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – მიუსაფარი ბავშვი და ამ სტატუსზე მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისები. მაგალითად, დღეს თქვენ იცით, რომ ამგვარი ბავშვები როდესაც ჩვენ – იუსტიციის სამინისტროს თვალთახედვის არეში მოხვდებიან, ვერ იღებენ საბუთებს, ვერ ხდება მათი იდენტიფიკაცია თუ საიდან მოდიან, ვინ არიან, რომელი ქვეყნიდან შემოვიდნენ და არიან თუ არა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენს მოქალაქეებად დაბადებულნი, იმიტომ რომ მათი იდენტიფიკაციისთვის მათზე პასუხისმგებელი სრულწლოვანი პირები ჩვენ არ მოგვმართავენ. რეალურად ეს ბავშვები რჩებიან იდენტიფიკაციის მიღმა. აგრეთვე, ამ ცვლილებებით მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს ანუ სახელმწიფოს ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე დამოკიდებული. დღეს მშობელი ან კანონიერების წარმომადგენელი თუ არ მოგვმართავს, ჩვენ საბუთებს ვერ გავცემთ. მომავლიდან მზრუნველობის ორგანოსაც ექნება მომართვის უფლება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე განმარტებით, კანონპროექტით ასევე ფართოვდება სოციალური მუშაკის უფლებამოსილება.
“ასევე, ჩვენ ვაფართოვებთ სოციალური მუშაკის უფლებამოსილებას, რომელსაც ამ რეფორმით მიეცემა საშუალება, რომ უგულებელყოფის ან ძალადობის შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით დაუყონებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშის უფლებებს, რომელთაც საბოლოო მომავალი არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები