“სამხარაული ჟვანიას საქმის ექსპერტიზაზე ზეგავლენას ახდენდა“
ლევან სამხარაული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ექსპერტიზის წარმართვაში ექსპერტიზის თანამშრომლებს მითითებებს აძლევდა. როგორც “ტელეიმედის“ გადაცემა “რეაქციაში“ საუბრისას ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ განაცხადა, ექსპერტიზის აღნიშნული თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამხარაული მათზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა.
“მე ვიცნობ მოწმეებს, რომლებიც მუშაობდნენ ექსპერტიზის ბიუროში, ისინი ამბობენ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ცენტრის იმჟამინდელი უფროსის ლევან სამხარაულისგან უშუალოდ იღებდნენ მითითებებს, თუ როგორ უნდა წარმართულიყო ჟვანიას საქმის ექსპერტიზა. ეს მოწმეები დაადასტურებენ, რომ ლევან სამხარაული ამ საქმეში მათზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა. რაღაცები მართლაც ისე განხორციელდა, როგორც სამხარაულს სურდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც აშკარა გახდა, რომ ეს საქმე ასე უბრალოდ ვერ ჩაიფარცხებოდა, მოხდა სამხარაულის მკვლელობა კახეთში“, – განაცხადა კომახიძემ.
მისი თქმით, ლევან სამხარაული ყოფილი პროკურორის ზურაბ ადეიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.