რუმინეთის ულტრამემარჯვენე ლიდერი უკრაინისგან, გაწეული დახმარებისთვის კომპენსაციას ითხოვს
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული, რუმინული ულტრამემარჯვენე პარტიის, AUR-ის ლიდერი, ჯორჯ სიმიონი უკრაინისგან მისი ქვეყნის მიერ გაწეული დახმარების კომპენსაციას ითხოვს.
სიმიონმა განაცხადა, რომ მისი პოზიცია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიულ ომთან დაკავშირებით არის „ნეიტრალიტეტი, არა ესკალაცია და არა იარაღის მიწოდება, არამედ ტრამპის პოლიტიკასთან შეერთება“.
“უკრაინისთვის შემდგომი დახმარების გაწევას ვეწინააღმდეგები, თუმცა, თუ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებ, კონცენტრირებას საკუთარ მოსახლეობაზე გავაკეთებ. უკრაინას ჩვენ ვჭირდებით და არა ჩვენ – უკრაინა. უკრაინამ პატივი უნდა სცეს იქ მცხოვრებ რუმინელთა თემს. ჩვენ რუმინეთის საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის კომპენსაციას ვითხოვთ. კლაუს იოჰანისის მიერ ეროვნული ღალატის სახით ნაჩუქარი „პატრიოტის“ სისტემისა და რუმინელების საკუთარი ჯიბიდან გაწეული სხვა ხარჯების გარდა , ჩვენ სანაცვლოდ რაღაც უნდა მივიღოთ”,- განაცხადა სიმიონმა.
ულტრამემარჯვენე რუმინელმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ასეთი კომპენსაციის ფორმა ჯერ კიდევ განსახილველია.