პეტერ ფიშერი: ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში
,,მინდა, ევროპის დღე მივულოცო ყველა ქართველ მეგობარს, საქართველო ევროპის ნაწილია, საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს”, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ევროპის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.
ელჩმა ვარშავაში საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეკრებაზე საქართველოს დელეგაციის არ მიწვევის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ეს მოხდა იმიტომ, რომ „გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, საქართველოსთან მაღალი დონის შეხვედრები დაეპაუზებინა“.
„დღეს ევროპის დღეა, მინდა, მივულოცო ეს დღე ყველა ქართველ მეგობარს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ევროპის ნაწილია. საქართველო უნდა შეუერთდეს ევროკავშირს. ევროპა მეგობრობა და სოლიდარობაა, დღეს ამის აღნიშვნას ვგეგმავთ. ყველამ იცის, რა უნდა გაკეთდეს ევროკავშირში გასაწევრიანებლად, იმედი მაქვს, ეს გაკეთდება და მომავალში ერთად ვიქნებით ერთ კავშირში.
გასული წლის ივნისში ევროკავშირმა გადაწყვიტა, დაეპაუზებინა მაღალი დონის კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან, მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტამდე.
არ ვიცი, რა სურს საქართველოს მთავრობას… იმედი მაქვს, რომ საქართველო, ქვეყანა, თავისი მოქალაქეებით დაუბრუნდება ამ გზას. ეს ჩვენი იმედია, მაგრამ საქართველოს გადასაწყვეტია. და რა არის საქართველო, საქართველო არის ქართველი ხალხი, მხოლოდ მთავრობა არ უერთდება ევროკავშირს, არც პარლამენტი, არც ბიზნესსექტორი, არამედ ყველა ერთად, დიდი ეროვნული ძალისხმევაა. ჩვენ გავაკეთეთ კანდიდატის სტატუსის შეთავაზება, ეს საუკეთესო რამ იყო, რისი გაკეთებაც შეგვეძლო“, – განაცხადა ელჩმა.