თამარ ჩიბურდანიძე: ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი, ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად

პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე,  9 მაისს, როგორც „ევროპის დღის” და ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღმნიშვნელ თარიღს სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ 9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღედ, მხოლოდ იმის გამო დაწესდა, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარასდროს დაეშვათ ფაშიზმი და ომები.

ექსპერტის თქმით, საქართველოს მოსახლეობისთვის იმდენად მტკივნეულია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი უსამართლო და არადემოკრატიული ქმედებები, რომ “ევროპის დღის” მისალოც ბანერებს სოციალურ ქსელში აქა-იქ თუ ნახავ.

„ქართული ოპოზიცია დღეს მასშტაბური აქციით “ევროპის დღეს” აღნიშნავს და არ იმჩნევენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, რის შედეგადაც შეიქმნა ევროკავშირი. ჩვენი წინაპრების სისხლით მოპოვებულ გამარჯვებას არაფრად აგდებენ და მათ მონაპოვარს ზეიმობენ.

9 მაისი ევროკავშირის დაბადების დღეა, იმის ნიშნად, რომ ევროპულ სახელმწიფოებს აღარასდროს დაეშვათ ფაშიზმი და ომები. ახსოვს დღევანდელ ევროპას და მათ დაქირავებულ ქართულ ოპოზიციას ეს? არა მგონია! ევროკავშირის დღევანდელი ხელმძღვანელობის ქმედებები, ამის საწინააღმდეგოდ მეტყველებს. არც ევროპაში გამეფებული ლიბერალური ფაშიზმი არის იმ სულისკვეთების გამოძახილი, რა სურვილითაც დაიბადა იდეა ევროპული კავშირის შექმნის.

ქართველი ხალხისთვის იმდენად ტკივილიანია ევროკავშირის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელი უსამართლო და არადემოკრატიული ქმედებები, რომ სოციალურ ქსელში აქა-იქ თუ ნახავთ “ევროპის დღის” მისალოც ბანერებს. სამაგიეროდ, აჭრელებულია ფაშიზმზე გამარჯვების მილოცვებით. თუ ვინმეს აინტერესებს ქართველი ხალხის აზრი, გადახედოს სოციალურ ქსელს და ყველაფერს გაიგებს. რატომ? იმიტომ რომ იმას, ვისაც არ უნახავს მაშინდელი ფაშიზმის სისასტიკე, დღეს განიცდის იგივე სისასტიკეს ჰიბრიდული ომის პერიოდში. სწორედ ამიტომ უპირატესი გახდა ჩვენი საზოგადოებისთვის მშვიდობა, სამართლიანობა და სუვერენიტეტი!

ვულოცავ ევროპას და ყველა ქართველს “ევროპის დღეს”, ვისთვისაც ძვირფასია ჭეშმარიტი ევროპული ღირებულებები, ვისაც გული შესტკივა დღევანდელი ევროპის არაევროპული ქმედების გამო და ვისაც არასოდეს ავიწყდება, რომ ევროკავშირის დაბადება ევროპული ფაშიზმის დამარცხების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ვინც იმ ბრძოლას არ აფასებს, ის ვერც ამ ევროპას შეაფასებს რეალურად,” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები