სამხრეთ კორეის პროპაგანდისტულ მოწოდებებს ჩრდიელოთ კორეამ საკუთარი პროპაგანდით უპასუხა
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სამხრეთ კორეის საზღვართან დინამიკები ჩართო, რომლითაც მუსიკის და პოლიტიკური ლოზუნგების ტრანსლირება ხდება. ამის შესახებ სამხრეთ კორეის მედია იუწყება.
მანამდე საზღვარზე პროპაგანდისტული მაუწყებლობა სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ჩართო. დინამიკებით პოპ-მუსიკა, მსოფლიოს ახალი ამბები და ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის მიმართ კრიტიკული განცხადებები გადაიცემა. რეტრანსლიატორებთან ახლოს მათ დასაცავად არტილერიაა განლაგებული.
პროპაგანდისტული მაუწყებლობის აღდგენის გადაწყვეტილება სეულმა მას შემდეგ მიიღო, რაც ფხენიანმა წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. ექსპერტები ადასტურებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე მიწისვეშა აფეთქება მართლაც მოხდა, მაგრამ ატომური ან წყალბადის ბომბის აფეთქების დადასტურება დამოუკიდებელი წყაროებიდან არ მომხდარა.
გაეროს უშიშროების საბჭომ ფხენიანის მოქმედება დაგმო. სამხრეთ კორეა, იაპონია და აშშ ამ საკითხში ერთობლივ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.