ქართველი სამხედროების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.
სამხედროების გაცილების ცერემონიალი ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. ასეულის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართეს და საპასუხისმგებლო მისიის წარმატებით შესრულება უსურვეს.
„მორიგი როტაცია გვაქვს იანვარ-თებერვლის განმავლობაში. ჩვენი სამხედროების ეს კონკრეტული ასეული მაზარ-ი-შარიფში მიემგზავრება. სამხედროებს წარმატება მინდა ვუსურვო და რაც ყველაზე მთავარია, მშვიდობით დაბრუნება. ისევე ამაყად ეტარებინოთ საქართველოს დროშა, როგორც ყველა იმ კონტინგენტს, რომელიც მანამდე იმყოფებოდა მისიებში საქართველოს სახელით. ეს ბიჭები არიან ჩვენი მთავარი იმედი, ჩვენი ქვეყნის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და დარწმუნებული ვარ, რომ მათი მისიაც ისეთივე წარმატებული და საამაყო იქნება, როგორც ყველა მათი წინამორბედის“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძის განცხადებით, ქვედანაყოფმა საფუძვლიანი მომზადება გაიარა და მზად არის, მასზე დაკისრებული ამოცანები შეასრულოს.
„მისია რთულია, მაგრამ ჩვენს დანაყოფს გააჩნია ყველა უნარი მის შესასრულებლად. დანაყოფს ჰყავს გამოცდილი მეთაურები, უნარიანი სერჟანტები, თვითონ მებრძოლებიც არიან ავღანეთის რამდენიმეგზის ვეტერანები. ისინი საკმაოდ კარგად მოემზადნენ გერმანიაში და გერმანულ დანაყოფთან ერთად იქნებიან მაზარ-ი-შარიფში. დიდი იმედი გვაქვს, რომ წარმატებული მისია ექნებათ და ქართულ სახელს, ქართველი მებრძოლის სტატუსს, კიდევ უფრო უფრო მაღლა ასწევენ “,- აღნიშნა გენერალ-მაიორმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ბრავო“ ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, მაზარ-ი-შარიფში შვიდ თვეს დაჰყოფს. ქართველი სამხედროები გერმანიის კონტინგენტის დაქვემდებარებაში სწრაფი რეაგირების ამოცანებს შეასრულებენ. „ბრავო“ ასეული ავღანეთში III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულს ჩაანაცვლებს.
ქართველმა სამხედროებმა გადასროლისწინა მომზადება უკვე დაასრულეს. მათ საქართველოში 13-კვირიანი წვრთნა, ხოლო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, „ვილდფლეკენისა“ და „ჰამელბურგის“ სამხედრო ბაზებზე, ხუთთვიანი სწავლება გაიარეს. ასეულის პირად შემადგენლობას, გერმანელი ინსტრუქტორების მეთვალყურეობით, ბუნდესვერის სამხედროებთან ერთად ინდივიდუალური, ოცეულის, ასეულის დონის კომბინირებული და სიტუაციური წვრთნები ჩაუტარდა. სამხედროების მომზადების დონე და საბრძოლო მზადყოფნა, კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, გერმანელმა ინსტრუქტორებმა დადებითად შეაფასეს.

1473_1117515514947856_5258906233024763610_n 6192_1117515348281206_8047331747190183284_n 12003_1117515641614510_221988373304837436_n 72358_1117515501614524_4959402645118089758_n 934030_1117515661614508_4372117863302308350_n 12418102_1117515558281185_964221874520990817_n 12507110_1117515411614533_3074950547537907983_n 12508868_1117515328281208_6588762167323951975_n 12510421_1117515354947872_3807486533466562473_n 12522955_1117515674947840_2014924165591821147_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები