ცნობილი დირიჟორი კარლო პონტი საქართველოს დღეს, გამთენიისას ეწვევა

ცნობილი დირიჟორი, ლეგენდარული მსახიობის, სოფი ლორენის ვაჟი – კარლო პონტი საქართველოს დღეს, გამთენიისას ეწვევა.
კარლო პონტი 9 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში, ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტს უდირიჟორებს. ხვალ კი მედიისთვის პრესკონფერენციას გამართავს.
კარლო პონტი უმცროსი ჟენევაში, 1968 წლის 29 დეკემბერს, ლეგენდარული მსახიობის, სოფია ლორენისა და იტალიელი პროდიუსერის, კარლო პონტის ოჯახში დაიბადა. პონტის, სადირიჟორო კარიერის მანძილზე 30-მდე სიმფონიურ ორკესტრთან აქვს ნამუშევარი, გამოუშვა ორი ალბომი, რომელშიც შესულია კონცერტები მისი დირიჟორობით, ასევე იგი ხშირად მონაწილეობს  ამერიკული რადიოსა და ტელეარხების სხვადასხვა მუსიკალურ გადაცემაში.
კარლო პონტიმ მონაწილეობა მიიღო 11 სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალში და ამ პერიოდის განმავლობაში მას გადაეცა 5 საპატიო ჯილდო. ამჟამად კარლო პონტი აშშ–ში მოღვაწეობს.
ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” გრანდიოზულ საქველმოქმედო კონცერტს 9 იანვარს, 21:00 საათზე, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართავს. კონცერტში მონაწილეობენ მსოფლიო ვარსკვლავები: ტენორი ალესანდრო საფინა; „მის ჰოლივუდი 2005“, ოპერის და ესტრადის დივა ენჯელ ბლუ; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; დირიჟორი კარლო პონტი; ნინო სურგულაძე; თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები