შსს: მეტროსადგურ “დელისთან” გარდაცვლილ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა

გუშინ მეტროსადგურ „დელისთან“ გარდაცვლილ მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა. ამის შესახებ “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა ექსპერტიზის ჩატარებაზე უარი თქვეს და გამოძიება არ დაწყებულა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, შეტყობინების შესვლისთანავე შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია მივიდა, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში შეტყობინება გუშინ, 14:00 საათზე შევიდა. ზარის ინიციატორის ინფორმაციით, მეტროსადგურ “დელისთან”, მიწისქვეშა გადასასვლელში ხანდაზმული მამაკაცი უგონოდ იმყოფებოდა. ადგილზე, შეტყობინებისთანავე, მივიდა საპატრულო პოლიცია, სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია, რომელთაც 1949 წელს დაბადებული მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, მომხდარი ოჯახს შეატყობინეს. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გარდაცვლილის მეუღლე და შვილი, რომელთა ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა და გარდაცვალება ამას უკავშირდება. ვინაიდან ოჯახის წევრებს პრეტენზია არ გააჩნიათ, უარი თქვეს ექსპერტიზის ჩატარებაზე და, შესაბამისად, გამოძიება არ დაწყებულა”, – აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, 70 წლის მამაკაცი მეტროსადგურ „დელისთან“ გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი მიუსაფარია და ყინვის შედეგად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები