თეა წულუკიანი ნოე რამიშვილის შვილიშვილს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარის – ნოე რამიშვილის შვილიშვილი, მიშელ რამიშვილი მიიღო.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე.
მინისტრებმა და მიშელ რამიშვილმა ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის პროცესზე ისაუბრეს, რომელიც უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს და გადამწყვეტ ფაზაში 2015 წელს შევიდა.
იუსტიციის მინისტრი ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხზე შექმნილი ფრანგულ-ქართული კომიტეტის წევრია. კომიტეტს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ხელმძღვანელობს. მის მუშაობაში ფრანგული მხარიდან მონაწილეობენ საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლები, მათ შორის, მიშელ რამიშვილი.
„ბატონი მიშელი ნოე რამიშვილის საქმიანობის ღირსეული გამგრძელებელია. ის თვლის, რომ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დროულად უნდა გადაწყდეს, რადგან 2015 წელს საქართველოს მთავრობამ მასზე დამოკიდებული ყველა ნაბიჯი გადადგა, მათ შორის ფინანსურიც, რათა შესაბამის პროფესიონალებს მამულის და შატოს მომავალი განვითარების გეგმა შეექმნათ. ამ გეგმის მიხედვით, ლევილის მამულმა უნდა შეინარჩუნოს თავისი ისტორიული დატვირთვა და გახდეს საქართველოს კულტურისა და ისტორიის კერა შუაგულ საფრანგეთში, მიიღოს და უმასპინძლოს საქართველოდან ჩასულ ხელოვანებს. მიშელ რამიშვილი ერთგულია მისი წინაპრების ანდერძისა და ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს საკითხის დროულად მოსაგვარებლად“, – განაცხადა მინისტრმა.
ნოე რამიშვილი – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე, მოგვიანებით კი შინაგან საქმეთა, სამხედრო და განათლების მინისტრი იყო. მან საქართველო საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ დატოვა და საფრანგეთში, ლევილის მამულში დასახლდა. ნოე რამიშვილი 1930 წელს მოკლეს. ის ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული.