ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებს ახალი წელი მიულოცა (ფოტოკოლაჟი)
ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართულ ქვედანაყოფებს ახალი წლის მისალოცად საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის დელეგაცია ეწვია.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტუმრები ქაბულში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენელს, პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს შეხვდნენ და მისგან ადგილზე შექმნილი სიტუაციის დეტალური ანალიზი მოისმინეს.
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის ოცეულის შტაბების საინფორმაციო ბრიფინგს დაესწრო, სადაც მისიის ეგიდით ქვედანაყოფებზე დაკისრებული ამოცანების შესრულების ანგარიში მოისმინა.
გენერალური შტაბის უფროსი პირად შემადგენლობასაც შეხვდა, ახალი წელი მიულოცა, ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სამშობლოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა. სამშვიდობოებმა გენერალს პრობლემებიც გაუზიარეს და მისგან, შეძლებისდაგვარად, დახმარების პირობა მიიღეს.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაცია ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასაც ეწვია, სადაც ქვედანაყოფის მოძღვარს, მამა ავთანდილს შეხვდა.