„სითი ინსტიტუტი – საქართველო“ თბილისის მერიას, გენგეგმის ფარგლებში, პირველ გადაუდებელ ცვლილებებს სთავაზობს

მშენებლობის სექტორში არის აბსოლუტურად ქაოსური მდგომარეობა, გენგეგმების არარსებობის, კოეფიციენტების, ზონალური დაგეგმარების კუთხით, – აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის თქმით, უკვე შემუშავებულია სივრცითი დაგეგმარებისა და მშენებლობის ახალი კოდექსი, რომლის პროექტსაც უახლოეს დღეებში ჯერ მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, ხოლო შემდეგ პარლამენტს წარუდგენენ. გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მაღალსართულიანი შენობები არ უნდა ჩნდებოდეს კერძო დასახლებებში.
“ეს არის საშინელი დარღვევა იმ ადამიანების უფლებების, რომლებმაც შეიძინეს კერძო სახლები და ერთ მშვენიერ დილას შეიძლება მრავალსართულიანი კორპუსის ძირში აღმოჩნდნენ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავება-განახლებაზე გამოცხადებულ კონკურსში პირველ ადგილზე გასული „სითი ინსტიტუტი – საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ შემუშავებული ხედვის პროექტის ავტორები “კვირასთან“ საუბარში აცხადებენ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა, ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან, პრაქტიკულად გაახმოვანა ის გადაუდებელი რეგულაციები, რაზეც პირველი სამით თვის განმავლობაში მუშაობდა მიწათსარგებლობის ახალ გენგეგმაზე მომუშავე საავტორო ჯგუფი.
მეტიც, როგორც “კვირას“ “სითი ინსტიტუტი – საქართველოს” დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, სიმჭიდროვეების გაზრდის პრაქტიკის შეზღუდვის წინადადებით, დედაქალაქის მერიას, გენგეგმის პირველი სამთვიანი ფაზის დასრულებისთანავე მიმართავენ, რასთან დაკავშირებითაც უკვე შემუშავებულია შესაბამისი საპროექტო წინადადება.
„სითი ინსტიტუტი – საქართველომ“, დედაქალაქის მერიას, „ქ. თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში“ შესატანი ცვლილებების პროექტი 15 იანვარს უნდა წარუდგინოს.
კონკურსში გამარჯვებული, „სითი ინსტიტუტი – საქართველოს“ წარმომადგენელი, პროექტის ხელმძღვანელი, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საცხოვრებელ განაშენიანებებში ურბანული სივრცეები საგანგაშოდ გაფუჭდა და, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს მაღალსართულიანი შენობების სიმრავლემაც გამოიწვია.
„დედაქალაქის მერიას 15 იანვარს უნდა წარვუდგინოთ თბილისის მიწათსარგებლობის გეგმაში დაუყოვნებლივ შესატანი ცვლილებების პროექტი და წესები. ჩვენ წინასაპროექტო კვლევაშიც გავწერეთ დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მაღალსართულიანი მშენებლობების შეზღუდვის აუცილებლობა. ბუნებრივია, პროექტის გადაწყვეტილების ნაწილშიც გამახვილდება ამაზე ყურადღება. საცხოვრებელ განაშენიანებებში ურბანული სივრცეები გაფუჭდა. ეს გამოიწვია ზედმეტმა სიმჭიდროვემ, მათ შორის მაღალსართულიანმა შენობებმაც, ამან ფისკალური ეფექტიც ჰპოვა იმ თვალსაზრისით, რომ გაფუჭდა საცხოვრებელი გარემო. ჩვენი გეგმის თანახმად, დეტალურად მოხდება ამ მხრივ პრობლემური ტერიტორიების შესწავლა და შემუშავდება მიდგომები, რომელთა გათავალისწინებითაც დაწესდება შეზღუდვები. ჩვენი სურვილია, რომ ამ პროცესში საზოგადოების წარმომადგენლებიც აქტიურად ჩაერთონ. ამიტომ ვაპირებთ საჯარო დისკუსიის მოწყობასაც“,- განუცხადა “კვირას“ მერაბ ბოლქვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები