თბილისის მერიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ თბილისის ისტორიის მუზეუმში თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალის პარალელურად გამოიფინა, ი.გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში დაცული, XX საუკუნის დასაწყისში შექმნილი, ძველი თბილისის შენობების უნიკალური მაკეტები.
თბილისის მერიასა და ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ერთობლივად წარმართვას. ქართული მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების კვლევისა და პოპულარიზაციისათვის ღონისძიებების ერთობლივად განხორციელებას. აგრეთვე, თბილისის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული მნიშვნელობის ობიექტების გამოვლენას, კვლევას, პოპულარიზაციასა და ახალ ტურისტული მარშრუტების მონიშვნას.
მერიის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს თბილისში ოთხი არქეოლოგიური ძეგლის შესწავლა განხორციელდა. კერძოდ, კვლევა გაგრძელდა ძვ.წ. 1850-1250 წლებით დათარიღებულ საჯოგის ნასახლარზე. ნასახლარი ცნობილია, როგორც ბრინჯაოს ხანის კავკასიაში უძველესი ურბანული დასახლება. ასევე, დაიწყო სტაციონალური არქეოლოგიური სამუშაოები თრელიგორების ნასახლარზე ახლად აღმოჩენილი ქართლის (იბერიის) სამეფოს უადრესი სატაძრო კომპლექსისა და მარნის შესასწავლად. სამუშაოების შედეგად გორის თხემის სამხრეთ ნაწილში გამოვლინდა ელინისტური ხანით, ჩვ. წ-მდე III-I საუკუნეებით, ქართლის (იბერიის) სამეფოს ადრეული ხანით დათარიღებული მარნის ნაშთები 5 ქვევრით. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღნიშნული მარანი ტაძრის ან სასახლის შემადგენელ სათავსოს წარმოადგენდა. არქეოლოგიური სამუშაოები განახლდა წმ. 40 სებასტიელ მოწამეთა ტაძრისა და თბილისის დედაციხის, შაჰტახტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისათვის მომზადდა თემატური გამოფენები, პუბლიკაციები, საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროგრამები და სამეცნიერო-კვლევითი პროექტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები