ხაჯიმბა და სურკოვი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ
რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ერთმანეთს სოხუმში, დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„მსურს, გადმოგცეთ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის მოკითხვა და საუკეთესო სურვილები ახალ წელს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთი როგორც ეკონომიკური, ასევე სხვა ტიპის თანამშრომლობის მხრივ მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას შეასრულებს“, – განაცხადა სურკოვმა. თავის მხრივ, ხაჯიმბამ მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი უწოდა.
მისი თქმით, „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელშეკრულება „აფხაზეთს „დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს“. როგორც სოხუმში სურკოვის ჩასვლამდე ერთი დღით ადრე რუსული მედია წერდა, რუსეთს სურს, ოკუპირებულ აფხაზეთში თურქული ბიზნესაქტივობა მიმიმუმამდე დაიყვანოს. აქამდე მოსკოვი ამას ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ანკარასთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების გამო, ფაქტობრივად, ოკუპირებული რეგიონიდან თურქული ბიზნესის სრული განდევნა სურს.