თინა ხიდაშელი: 2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა

2016 წლის გაზაფხულიდან ჯარი თითქმის სრულად ქართულ კვებაზე გადავა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში განაცხადა.
ხიდაშელმა განმარტა, რომ პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია.
“ქართული პროდუქციის წახალისება მთავრობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ამ ამოცანის ფარგლებში ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ მაქსიმალურად ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ ჯარი. პირველი ეტაპი დასრულებულია და ორიოდე დღის წინ გვქონდა პრეზენტაცია, სადაც გავაცანით გამარჯვებული ქართველი მეწარმეები საზოგადოებას. აღმოსავლეთ საქართველოს საჯარისო შენაერთები მთლიანად ქართული ხორცით კვებაზეა გადასული.
25 დეკემბერს დასრულდა ტენდერი მთელ დანარჩენ სისტემაზე და 1-ელი იანვრიდან მთლიანი ჯარი უზრუნველყოფილი იქნება ქართული ხორცით.
იანვარში გამოვაცხადებთ ქათმის პროდუქტზე ტენდერსაც. ვმუშაობთ ინტენსიურად მომწოდებლებთან ხილის და ბოსტნეულის მიმართულებით. მე მაქვს ამბიცია, რომ გაზაფხულის დასაწყისში, მთლიანად, გარდა იმ ძალიან მცირე ჩამონათავალისა, რაც საქართველოში არ იწარმოება, ჯარი ქართულ კვებაზე გადავიყვანოთ. ეს დაახლოებით 40 მილიონი ლარია, რომელიც ქართული ბიზნესის განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები