შშმ ბავშვებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი“ თავმჯდომარის ავთანდილ დავითაძის მხარდაჭერითა და მომღერალ დავით არჩვაძის ინიციატივით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შშმ ბავშვებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა. კონცერტის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და საკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ დავითაძემ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა – ახალი წელი მიულოცეს.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა დავით არჩვაძის აღსაზრდელი ბავშვების გუნდებმა მიიღეს, რომლებმაც თანატოლებს და მოწვეულ სტუმრებს ხელმძღვანელის საავტორო სიმღერები შეუსრულეს. პატარებთან ერთად კონცერტში მონაწილეობა დავით არჩვაძემ, ქართულმა ხმებმა, ეკა მამალაძემ, თემურ წიკლაურმა და ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავებმა მიიღეს. დავით არჩვაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და ფრაქციას “ქართული ოცნება – ეროვნული ფორუმი“ ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტს საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.