გიორგი ოქროპირიძის ადვოკატი ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს
„პატივს ვცემ 12 მოქალაქის გადაწყვეტილებას მაგრამ სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“ – ამის შესახებ ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა სულხან კომახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო და მისი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობის საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.
„პატივს ვცემ 12 მოქალაქის გადაწყვეტილებას, მაგრამ ბუნებრივია, ჩვენთვის მიუღებელი იყო, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ ოქროპირიძეს ამ საქმესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და უდანაშაულო იყო. აუცილებლად გამოვიყენებთ საპროცესო კოდექსით მინიჭებულ უფლებას და საკასაციო წესით, ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ“, – განაცხადა სულხან კომახიძემ.
შეგახსენებთ, გიორგი ოქროპირიძეს, რომელსაც ლაშა მახარაძის მკვლელობა ბრალდებოდა ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა.