გიორგი ოქროპირიძეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

გიორგი ოქროპირიძეს, რომელსაც ლაშა მახარაძის მკვლელობა ბრალდებოდა ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს და სასჯელის ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ეს გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გიორგი ორქოპირიძემ და მისმა ადვოკატებმა შუამდგომლობა დააყენეს და ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
ოქროპირიძის ადვოკატმა მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა და უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ გიორგი ოქროპირიძისთვის მიმართ უვადო პატიმრობა მოითხოვა.
ეკა არეშიძემ პროკურატურის მოთხოვნა არ გაიზიარა და ოქროპირიძეს 20-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
გიორგი ოქროპირიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გუშინ გამოუტანეს. დანაშაული, რომელშიც ნაფიცმა მსაჯულებმა ოქროპირიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს, 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
გიორგი ოქროპირიძეს დამამძიმებელ გარემოებაში ლაშა მახარაძის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად. ის იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე ნაფიცმა მაჯულებმა უდანაშაულოდ ცნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები