ოზურგეთში მეორეკლასელმა თავი ჩამოიხრჩო – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში მეორეკლასელი ბავშვი დედამ ჩამომხრჩვალი იპოვა. როგორც “კვირას“ სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათელა თოხაძემ განუცხადა, ბავშის – რეზიკო ბ.-ს დედა შემთხვევის დროს ოზურგეთში იმყოფებოდა. მას შვილისთვის ჩოხა უნდა დაექირავებინა. ბავშვი ბებიასთან იყო დატოვებული, ბებიას ჩაეძინა, რეზიკომ თავი სწორედ აღნიშნულ პერიოდში ჩამოიხრჩო.
სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მეორეკლასელი დღეს სკოლაში იყო და მისთვის უგუნებობა არ შეუმჩნევიათ.
„ორშაბათისთვის საახალწლო ზეიმს ვგეგმავდით, დღეს რეპეტიცია გვქონდა, რეზიკო დედასთან ერთად მოვიდა, დედაც და შვილიც კარგ განწყობზე იყვნენ, დედამისმა გვითხრა, რომ ზეიმისთვის ჩოხის ქირაობას აპირებდა. როგორც ჩანს, დღესვე გადაწყვიტა ოზურგეთში წასვლა, ბავშვსაც უთხოვია წამიყვანეო, თუმცა დედას უარი უთქვამს. მამაც არ ყოფილა სახლში და ბებიასთან დაუტოვებია, ბებიას ჩაეძინა და როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს ჩამოიხრჩო თავი. ბავშვი დედას ჩამომხვრჩვალი ეზოში, ფარდულში უნახავს. შეძრულები ვართ, ძალიან გვიმძიმს ამ ყველაფერის დაჯერება“, – აღნიშნა “კვირასთან“ საუბრისას ნათელა თოხაძემ.
სოფელში ვარაუდობენ, რომ რეზიკო დედის მიერ ოზურგეთში წაყვანის თხოვნაზე ნათქვამმა უარმა გაანაწყენა.
ბახტაძეებს კიდევ ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომლებიც თბილისში ბიცოლასთან ცხოვრობენ.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.