„პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე სამშაბათს იმსჯელებს“
საქართველოს პარლამენტს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა უკვე წარუდგინა. როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, ამ საკითხზე პარლამენტში ბიუროს სხდომა შესაძლოა, დღესვე ან ხვალ იქნეს მოწვეული, ორშაბათს კი უკვე საკომიტეტო განხილვები დაიწყება.
„ პრემიერობის კანდიდატს პროცედურების მიხედვით 7- დღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ ახალი მთავრობა შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ უკვე შაბათ-კვირას ჩვენთვის ცნობილი იქნება, თუ ვინ იქნებიან მთავრობის შემადგენლობაში. ჩვენ შევეცდებით, მოკლე ვადებში მოვახერხოთ მთავრობის ფორმირება. ორშაბათს საკომიტეტო სხდომები ჩატარდება, იქნება ფრაქციების შეხვედრები კანდიდატთან. მთავრობის წევრები დარგობრივი კომპეტენციის მიხედვით შესაბამისი კომიტეტების წინაშე წარდგებიან. პარლამენტი სამშაბათს პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს“, – განაცხდა გიორგი კახიანმა.