გარდაცვლილი 5 წლის თოკოს ბაღის მასწავლებელი: რა დაუშავე, ჩემო პატარა, შენს დედიკოს

რამდენიმე დღის წინ მოკლული ხუთი წლის თორნიკეს ბაღის მასწავლებელი თეო მეშვილდიშვილი სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ სტატუსს აქვეყნებს.
“ჩემს პატარა წიწილებს ერთი პატარა ანგელოზი გამოაკლდა… რომ შემეძლოს, ერთი წუთითაც არ დავფიქრდებოდი და გაჩუქებდი სიცოცხლეს. დღეს ყველაფერი დუმდა, ყველაფერს ხალისი ჰქონდა დაკარგული… დღეს, მთელი დღე ჩემი თვალები შენ გეძებდა… ყველა შენზე ვსაუბრობდით, შენი მეგობრები დუმდნენ, ხმას არ იღებდნენ, ვერ გაეგოთ, რა მჭირდა… ბოლოს გადავწყვიტე და შენს მეგობრებს ვუთხარი, რომ შენ გადაწყვიტე წასულიყო ცაში, სადაც ცხოვრება ლამაზია, მშვენიერია და ყველა ანგელოზია… მაგრამ ჩვენთან ერთად იქნები ყოველთვის და ჩვენს გულებში, თან იციან, რომ შენ ცაში ხარ და იქიდან გვიყურებ… მაგრამ ჩემს ჭკვიანებს კითხვები დაებადათ: – თოკო ივლის ბაღშიო? – იქ ეყოლება მეგობრებიო? – ჩვენ ხომ არ დავავიწყდებითო? იცი, შენზე ზრუნავენ და დარდობენ, ჩემო თბილო… ძალიან დაგვწყვიტე გული, ჩემო მხიარულო, ჩემო ცელქო და სიცოცხლით სავსე თოკო (ჩემთვის წოწო)… როგორ გიხაროდა ცხოვრება, როგორი ხალისით ისწავლე, ჩემო პატარა ლექსი დედაზე… რა დაუშავე, ჩემო პატარა შენს დედიკოს”, – წერს მეშვილდიშვილი.
შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის მაგდა პაპიძე შსს-მ რამდენიმე დღის წინ დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 20 დეკემბერს, გამთენიისას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს, 1988 წელს დაბადებულ ომარ ქ.-ს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. შემდეგ მაგდა პაპიძემ გაგუდა მცირეწლოვანი შვილი. მან კვალის დაფარვის მიზნით, ცხედრები თავისი საცხოვრებელი ბინიდან კორპუსის წინ ეზოში გაიტანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მაგდა პაპიძეს 109-ე მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით კი შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს. ბრალდების მხარემ სასამართლოს ბრალის წარდგენიდან 24 საათში უნდა მიმართოს. სასამართლო კი ბრალდებულის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე 24 საათში იმსჯელებს. ბრალდებულის ადვოკატის ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, მაგდა პაპიძე დანაშაულს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ნივთმტკიცებად ამოღებული ჩაქუჩი საცხოვრებელი სახლის სხვენის შესაკეთებლად შეიძინა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, ბრალდებული აცხადებს, რომ მან გარდაცვლილი მეუღლე და შვილი მას შემდეგ ნახა, რაც ოჯახის წევრებს დააგვიანდათ და მათ საძებნელად გავიდა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, პაპიძე ამბობს, რომ სახლიდან გასულმა მეუღლეს, რომელიც სადარბაზოსთან ნასვამ მდგომარეობაში დაცემული იყო, ფეხი წამოჰკრა, ამის შემდეგ კი ყვირილი დაიწყო და მეზობლებს დახმარებას სთხოვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები