სოზარ სუბარი: რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება

„რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მნიშვნელოვანი დატვირთვა ექნება ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობისთვისაც“,- აღნიშნული განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისივე თქმით, ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინი არის ძალიან კარგი.
“რუსეთის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზო მომოსვლის საშუალება და თუკი რუსეთი იგივე ნაბიჯს გადადგამს, ეს იქნება ძალიან კარგი ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქისთვის, ვინც არის რუსეთში და იმ კიდევ უამრავი ჩვენი მოქალაქისთვის, ვისაც შეიძლება სურვილი აქვს რუსეთში წავიდეს სამუშაოდ, ბიზნესისთვის ან რაიმე სხვა მიზნით. ევროპასთან ვიზალიბერალიზაციის მოლოდინი არის ძალიან კარგი იმ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა არიან დარჩენილნი, იქნება ეს აფხაზეთი თუ ცხინვალის რეგიონი, მაგრამ მათთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუკი ისინი ევროპაში მოგზაურობისთვის აიღებენ საქართველოს პასპორტს, ამავე დროს ამ პასპორტით მათ შეეძლებათ რუსეთშიც თავისუფლად სიარული.
ასე რომ, ამას ორმაგი დატვირთვა აქვს. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომ თუ ქართველები, აფხაზები და ოსები მოილაპარაკებენ, ამ შემთხვევაში რუსეთი ამას მიიღებს, ნამდვილად არა ვართ ისეთი გულუბრყვილოები, რომ ასე უაპელაციოდ მივიღოთ ეს სიტყვები და დავიჯეროთ, თუმცა ცხადია, სჯობს თუნდაც დეკლარირების დონეზე ასეთი განცხადებების გაკეთება. მე ამასაც მივესალმები – ეს ჩემი პირადი აზრია და ამ შემთხვევაში არ გამოვხატავ გუნდის აზრს, იმიტომ რომ, შეიძლება, ვიღაცა უფრო სკეპტიკურად იყოს განწყობილი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
მისივე თქმით, მართლაც რომ, ისეთი პოზიცია დაიკავოს რუსეთმა, როგორიც გააჟღერა, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალიან ძნელი იქნება.
“ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საინტერესო ქვეყანა გავხდეთ. ეს მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენზე და არა ჩვენს მეზობლებზე”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები