“პუტინი იძულებული ხდება, ევროპის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის პოლიტიკას რაღაცით უპასუხოს“

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებას ექსპერტი რომან გოცირიძე ეხმაურება.
მისი შეფასებით, პუტინი იძულებული ხდება, ევროპის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის პოლიტიკას რაღაცით უპასუხოს. თუმცა გოცირიძე ფიქრობს, რომ ევროპა ჩვენთვის ისეთივე ახლობელი გახდება, როგორიც რუსეთი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკები იყო თავის დროზე.
“რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს მომხრეების მობილიზების, ჩანერგილი „მეხუთე კოლონის“ გააქტიურებისა და ეკონომიკური მექანიზმების ამოქმედების გზით.
პუტინმა გადაწყვიტა, რომ ეს პროცესი თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანოს და საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი აამოქმედოს. ამას აქამდეც გააკეთებდა, რომ არა სირიაში და სხვა არასტაბილურ ქვეყნებში რუსეთიდან წასული მეომრების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების საფრთხე. ახლა იძულებული ხდება, ევროპის მიერ ვიზების ლიბერალიზაციის პოლიტიკას რაღაცით უპასუხოს.
პუტინის დღევანდელმა განცხადებამ ჩვენში საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. სინამდვილეში პოლიტიკოსებს არ უნდათ რუსეთში სამუშაოს შოვნით დაიმედებული ადამიანების განაწყენება. სიმართლე კი ის არის, რომ უვიზო მიმოსვლა არის დიდი საფრთხე.
ძნელია გაღებულ კარზე უარის თქმა, თუმცა ნუ გადავეშვებით თავქუდმოგლეჯილები. ნელ-ნელა ევროპა გახდება ჩვენთვის ისეთივე ახლობელი, როგორიც რუსეთი და სხვა საბჭოთა რესპუბლიკები იყო თავის დოზე.
ახალგაზრდა თაობისათვის, რომელიც ენის ბარიერს დაძლევს, ეს საკმაოდ მალე მოხდება. რუსეთის საბოლოო მიზანი არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების დასმა და მისი ყველა ქმედება აქეთკენაა მიმართული“,- წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ დაადასტურა, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები