ალეკო ელისაშვილი: თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ, თქვას პრეზიდენტმა

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტს მიმართავს, დაადასტუროს ან უარყოს, წააკითხა თუ არა მას მესიჯები. როგორც ელისაშვილმა ტოკ-შოუ “არჩევანში” საუბრისას განაცხადა, თუ აღმოჩნდება რომ ის ცრუობს, ქვეყნიდან წავა.
“მინდა ძალიან ადამიანურად, მოქალაქეობრივად მივმართო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, დაადასტუროს ან უარყოს, წავაკითხე თუ არა ის მესიჯები, გავაცანი თუ არა ჩემი ეჭვები ამ მესიჯების კონტექსტთან დაკავშირებით და შემდეგ სხვა დანარჩენი ვუთხარი თუ არა. უბრალოდ ადამიანურად და მოქალაქეობრივად ვთხოვ. თუ მე მატყუარა და ცრუპენტელა ვარ, კი ბატონო, თქვას პრეზიდენტმა, რადგან ის ამ საქმეში მიუკერძოებელია. მაშინ მეც ვიტყვი, რომ მატუარა ვარ, დავიხურავ ქუდს და ქვეყნიდან წავალ”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროკურორ კოკა კაციტაძის ინფორმაციით,  ალეკო ელისაშვილის მიერ პროკურატურაში მიტანილ მობილურ ტელეფონში არ აღმოჩნდა იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს. მისივე თქმით, მობილურ ტელეფონს ელისაშვილის სურვილის შესაბამისად ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
კაციტაძის განმარტებით, ტელეფონში ეს-ემ-ესები მართლაც იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.
“ალეკო ელისაშვილმა დამატებითი დაკითხვისას წარმოადგინა მობილური ტელეფონი, რომელშიც უნდა ყოფილიყო იმ მაღალჩინოსნების ეს-ემ-ესები, რომლებიც მან გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში დაასახელა. მისი თანდასწრებით მოხდა აღნიშნული ტელეფონის დათვალიერება, თუმცა არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გაგზავნილი ეს-ემ-ესები”, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები