თეა წულუკიანი თავართქილაძის უნივერსიტეტს ეწვია

იუსტიციის სამინისტრო ახალგაზრდებს ქართული კანონმდებლობისთვის ინოვაციურ პროექტს − „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსს“ − აცნობს.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თავართქილაძის უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს შეხვდა. თეა წულუკიანმა ახალგაზრდებს განუმარტა, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ.
მინისტრმა მომავალ ახალგაზრდა პროფესიონალებს ურჩია, დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედებაში.
იუსტიციის მინისტრმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ პრეზენტაცია უკვე ათ უმაღლეს სასწავლებელში გამართა, რომლის ფარგლებშიც თეა წულუკიანი 800-ზე მეტ სტუდენტს შეხვდა.
საუნივერსიტეტო პრეზენტაციებისთვის სპეციალური მარკეტინგული კამპანია შემუშავდა: შეიქმნა ციხის შეხვედრების ოთახის ინსტალაცია; სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, იმიტირებული პაემნების ოთახიდან წარმოსახვით გასაუბრებოდნენ არასრულწლოვან მსჯავრდებულებს. საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო.
კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. იგი ეყრდნობა შემდეგ ძირითად პრინციპებს: არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა; ნასამართლობის გაქარწყლება; ინდივიდუალური მიდგომა; პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში; მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა; პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები; პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა; თანაზომიერება და შესაბამისობა.
კოდექსის მიზანია, მისცეს მოზარდებს სპეციალური, ბავშვებზე ორიენტირებული მართლმსაჯულება და განსაკუთრებული მიდგომები დააწესოს ბრალდებულ, დაზარალებულ და მოწმე მოზარდებზე. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული ამგვარი სპეციალური კოდექსი არასრულწლოვანთათვის საქართველოს კანონმდებლობისათვის სრულიად ახალი ინსტიტუტია და თანამედროვე ქართული მართლმსაჯულებისათვის არა მარტო ინოვაციურ, არამედ რევოლუციურ პროექტს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები