ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში მაღალჩინოსნების მესიჯები არ აღმოჩნდა

პროკურორ კოკა კაციტაძის განცხადებით, თბილისის საკრებულოს დეპუტატის ალეკო ელისაშვილის მობილურ ტელეფონში იმ მაღალჩინოსნების მესიჯები, რომლებსაც ის ასახელებს, არ აღმოჩნდა.
როგორც ჟურნალისტებს კოკა კაციტაძემ განუცხადა, მობილურ ტელეფონს, ელისაშვილის სურვილის შესაბამისად, ექსპერტიზა უტარდება, რომელიც ტექნოლოგიების საშუალებით დაადგენს, რა შინაარსის ინფორმაცია არსებობდა ტელეფონში.
კაციტაძის თქმით, ტელეფონში სმს-ები, მართლაც, იყო, თუმცა ისინი შემხებლობაში არ არის მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან.
„მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 2015 წლის 14 დეკემბერს მოწმის სახით დამატებით დაიკითხა ალექსანდრე ელისაშვილი, რომელმაც გამოძიებას წარმოუდგინა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი. ელისაშვილის განმარტებით, სწორედ ამ მობილურ ტელეფონში ჰქონდა მას შენახული ცალკეული მაღალჩინოსნების მიერ მისთვის გამოგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მობილური ტელეფონი დათვალიერებული იქნა ა. ელისაშვილის თანდასწრებით, რომელშიც არ აღმოჩნდა მაღალჩინოსნების მიერ გამოგზავნილი მის მიერ დასახელებული მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
დათვალიერების შემდეგ ა. ელისაშვილმა განაცხადა თანხმობა ექსპერტიზის ჩატარებაზე, მისი თანდასწრებითვე დაილუქა წარმოდგენილი მობილური ტელეფონი და მონაცემების აღდგენის მიზნით კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ჩატარებისათვის გადაიგზავნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, – განაცხადა კოკა კაციტაძემ.
ამასთან, მისი თქმით, ე.წ. შეწყალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დროისთვის 30-მდე მოწმეა დაკითხული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები