ნათია სუხიაშვილი პროკურატურამ დაჰკითხა

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნათია სუხიაშვილი დაჰკითხეს.
ნათია სუხიაშვილი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შეწყალების კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალეკო ელისაშვილსა და მთავარი პროკურორის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრა შედგა. ამასთანავე, როგორც ნათია სუხიაშვილმა დაკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ალეკო ელისაშვილისა და გიორგი გოგაძეს შორის შეხვედრას ორგანიზება თავად გაუკეთა.
სუხიაშვილის განმარტებით, ალეკო ელისაშვილმა მას გიორგი გოგაძესთან შეხვედრის ორგანიზება “პირად საკითხზე” დახმარების მიზეზით სთხოვა, რომელიც მისი ერთ-ერთი ახლობლისთვის წართმეული თანხის დაბრუნებას უკავშირდებოდა.
“როგორც იცით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დავიკითხე მოწმის სახით. მოვყევი ის, რაც იყო რეალურად – რომ ალეკო ელისაშვილი დამიკავშირდა და მთხოვა, შემეხვედრებინა მთავარი პროკურორის მოადგილესთან, გიორგი გოგაძესთან, რომელთანაც ჰქონდა თხოვნა პირად საკითხზე. ის აპირებდა გოგაძისთვის ეთხოვა, რომ პროკურატურა მის ერთ-ერთ ახლობელს, რომელიც იყო დაზარალებული, თანხის დაბრუნებაში დახმარებოდა. მე, რა თქმა უნდა, ბატონი გიორგი ჩავაყენე საქმის კურსში და მისი თანხმობის შემდეგ, ორგანიზება გავუკეთე აღნიშნულ შეხვედრას. პირადად მე დავუშვი ალეკო ელისაშვილზე ელექტრონული საშვი, დავხვდი პირველ სართულზე, ის იყო მარტო. ავიყვანე გიორგი გოგაძის კაბინეტში, სადაც დაგვხვდნენ ბატონი გიორგი, ვაკე საბურთალოს რაიონული პროურორი ნიკოლოზ სანიკიძე და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი დონდოლაძე”, – განაცხადა ნათია სუხიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები