გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს, იანიკ გლემარეკს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს.
ასევე საუბარი შეეხო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობას საქართველოში. აღინიშნა მიმდინარე წლის ოქტომბერში გაეროს შესაბამის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საქართველოს მთავრობის მიერ ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია გენდერული თანასწორობის საკითხზე.
შეხვედრის დასასრულს მინისტრმა მადლობა გადაუხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოში აქტიური საქმიანობისთვის. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა არსებული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.