თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
ჯავახეთის ქუჩის №66-ში არსებული ტერიტორიისთვის სარეკრეაციო სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია გადაწყვეტილებას სასამართლო დავის დასრულებამდე ვერ მიიღებს. ამის შესახებ აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
მერიის განცხადებას “კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს განვმარტოთ, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით, თბილისის მერიის ბალანსზე არსებული, ჯავახეთის №66-ში არსებული ტერიტორია აუქციონის წესით კერძო პირმა 2014 წლის თებერვალში, დედაქალაქის წინა მთავრობის პირობებში, შეიძინა. მესაკუთრემ მიწის ნაწილი გაიფორმა, ნაწილი კი ჯავახეთის ქუჩის მოსახლეობის სარჩელის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა. აღნიშნულ ტერიტორიასთან დაკავშირებით დავა ადგილობრივებსა და მესაკუთრეს შორის ამჟამად სასამართლოში მიმდინარეობს.
მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ 2015 წლის აპრილში დედაქალაქის მერს ამ ტერიტორიისთვის სარეკრეაციო ზონის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. ვინაიდან აღნიშნული საკითხი იხილება სასამართლოში და არის იურიდიული დავა ორ სუბიექტს შორის, თბილისის მერია საკითხზე გადაწყვეტილებას, დავის დასრულებამდე, ვერ მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებმა მერიასთან აქცია გამართეს. მოსახლეობამ ვარკეთილში, ჯავახეთის №66-ში არსებული ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა. გუშინ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივები თბილისის მერიისგან ამ ტერიტორიის შენარჩუნებას ითხოვენ”, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.