ზაზა გაბუნიამ ნაძალადევის გამგეობის 15 თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა
ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ გამგეობის 15 თვის მუშაობის ანგარიში ადგილობრივ მოსახლეობას, მთავრობისა და საკრებულოს წევრებს წარუდგინა.
ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო. ნაძალადევის გამგეობის ინფორმაციით, 15 თვის მონაცემებით, ნაძალადევის რაიონში 45-მდე ქუჩა მოწესრიგდა, რაც საერთო ჯამში, 110 000 მ/კვ-მდე შეადგენს. ასევე 30 013 მოქალაქემ მიიღო სხვადასხვა სახის სოციალური მომსახურება. რაიონში არსებული 700-ზე მეტი ამხანაგობიდან, მოქალაქეთა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, 315 ამხანაგობაში 500-მდე სხვადასხვა სახის სამუშაო განხორციელდა. საყრდენი კედლები აშენდა, მოეწყო კიბეები და სპორტული მოედნები, შეკეთდა დაზიანებული სახურავები, შშმ პირებისათვის ადაპტირებული გასართობი მოედანი მოეწყო. საფუძველი ჩაეყარა საფეხბურთო ტურნირს “თბილისის ზღვის თასი”, ჩატარდა საბავშვო გასართობი და კულტურული ღონისძიებები.
დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობის ინფორმირებისა და თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მათი მეტი ჩართულობის მიზნით, 15 თვის საქმიანობის ანგარიშს ყველა გამგეობა წარადგენს.
“ნაძალადევის რაიონში რამდენიმე ისეთი ქუჩა მოვაწესრიგეთ, სადაც ბოლო 25-30 წლის მანძილზე არაფერი გაკეთებულა, მოვაწყვეთ პარკები, საბავშვო მოედანები და ა.შ. ეს რაც შევძელით ამ წელს. მომავალ წელსაც აქტიურად ვიმუშავებთ, რომ ნაძალადევის რაიონში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მოვაწესრიგოთ. რაც შეეხება საქმიანობის შესახებ ანგარიშს, ეს იყო პირველი. უახლოეს დღეებში, ყველა რაიონის გამგეობაში, ჩვენს ამომრჩეველს ანგარიშს ჩავაბარებთ იმის თაოაბზე, თუ რა გავაკეთეთ მოსვლიდან დღემდე. გარდა ამისა, მოვისმენთ მოსახლეობის შეფასებას, მათ შეხედულებებს სამომავლო პრიორიტეტებზე”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ზაზა გაბუნიამ მომავალი წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.