გამოფენა – „კავკასიური მოძრავი მუზეუმი“ გაიხსნება

21 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში პირველი ქართველი მესურათხატის, ალექსანდრე როინაშვილის სამუზეუმო ნივთების გამოფენა – ,,კავკასიური მოძრავი მუზეუმი“ გაიხსნება, ასევე დაგეგმილი წიგნის – ,,ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“ პრეზენტაცია.
გამოფენაზე დამთვალიერებელს საშუალება ექნება, გაეცნოს ალექსანდრე როინაშვილის VII-XIX საუკუნეების სამუზეუმო ნივთებს. როინაშვილის სამუზეუმო კოლექცია მოიცავს როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, ისლამურ, აზიურ და ევროპულ ნივთებს. მათ შორისაა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები, საომარი-სამხედრო აღკაზმულობები, სპილენძის, ვერცხლის, კერამიკის, ფაიფურისა და ფაიანსის ჭურჭელი, ნუმიზმატიკური ნიმუშები, არქეოლოგიური, ანტიკვარული ნივთები და სხვა. გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმსა და საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში.
ექსპოზიციის ფარგლებში გაიმართება წიგნის – ,,ალექსანდრე როინაშვილი და მისი მუზეუმი“ პრეზენტაცია. წიგნი სრულად ასახავს როინაშვილის სამუზეუმო საქმიანობის მნიშვნელობას ქვეყნის ისტორიისა და კულტურული განვითარებისათვის. ალექსანდრე როინაშვილი მეცხრამეტე საუკუნის საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო-კულტურულ ავანგარდში მოღვაწე გამორჩეული ფიგურაა, რომელმაც თავისი მრავალმხრივი და ხანმოკლე საქმიანობით, იმ პერიოდის საქართველოსთვის ყველაზე აქტუალურ სფეროებში მოახერხა სიახლის დამკვიდრება, ძველის შენარჩუნება, არსებული ფასეულობების შენახვა და საჯაროდ გამოტანა. როინაშვილმა სრულფასოვნად გაიაზრა მუზეუმის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარებისთვის. მან პირველმა შექმნა ქართული ფოტოგრაფიული სკოლა. დიდუბის პანთეონში, მისი საფლავის ქვაზე, სადაც ალექსანდრე როინაშვილი ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაიკრძალა, ამოკვეთილია შემდეგი სიტყვები: „სამაგალითო ქველმოქმედს და ქვეყნისათვის სიყვარულით სავსეს – ალექსანდრე როინაშვილს“.
გამოფენა 2016 წლის 30 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები