ციტრუსის სეზონი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შეუფერხებლად მიმდინარეობს

ციტრუსის სეზონი დასავლეთ საქართველოს რეგიონებში შეუფერხებლად მიმდინარეობს. დღეის მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტირებულია 13 995 ტონაზე მეტი სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია – 2 869 ტონამდე ციტრუსი.
სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 574 330 ლარს შეადგენს (აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 286 880 ლარია).
ამ ეტაპზე, მანდარინის მიღება-გადამუშავებას აწარმოებს სამი ქარხანა: ქობულეთის მუნიციპალიტეტში – კომპანია Georgian Industrial Asset Management Group და შპს ,TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში – კომპანია GEO-Flowers.
სტანდარტული მანდარინის ექსპორტი, ძირითადად, ხორციელდება შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი 11 305 ტ. (80.78 %), უკრაინა 1 586 ტ. (11.33 %), სომხეთი 489 ტ. (3.49 %), აზერბაიჯანი 163 ტ. (1.16 %), ყაზახეთი 256 ტ. (1.83 %), ბელარუსი 161 ტ. (1.15 %), სხვა ქვეყნები 34 ტ. (0.24 %).
მთავრობის ხელშეწყობით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის რეალიზაციის ხელშემწყობ ღონისძიებას ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 0.20 ლარად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას მიიღებენ.
საექსპორტო ბაზრებზე კონკურენტუნარიანი და მაღალხარისხიანი ციტრუსის მიწოდების უზრუნველსაყოფად, წელს სეზონზე აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.
2015 წლის 1 ნოემბრიდან ქალაქ ბათუმში შექმნილია ციტრუსის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბი, ფუნქციონირებს „ცხელი ხაზი“: – 2 47 01 01 და ოფიციალური ვებგვერდი: www.apma.ge.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები