სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ USAID/REAP-თან მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტს შორის ტექნიკური დახმარების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებული და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ბენეფიციარ საწარმოებში სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების (HACCP და ISO22000:2005) დანერგვას; ასევე, საწარმოებისთვის საკონსულტაციო ტრენინგების ჩატარებას.
მემორანდუმს ხელი სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მარიანა მორგოშიამ და USAID/REAP-ის აღმასრულებელმა დირექტრმა, ლუის ფაორომ მოაწერეს.
შეთანხმების მიზანია, გადამამუშვებელი საწარმოების პოტენციელის გაძლიერება და წარმოების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.
მნიშვნელოვანია, რომ საწარმოები არა მარტო ფინანსურ დახმარებას ღებულობენ საწარმოო ინფრასტრუქტურის გამართვისთვის, არამედ – დამატებით ტექნიკურ მხარდაჭერასაც, რომელიც გულისხმობს სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების მოძიებას.
USAID/REAP ვალდებულებას იღებს, დააფინანსოს სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, დამოწმებისა და საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების 50%, აგრეთვე, უზრუნველყოს საწარმოების ჩართვა შესაბამის ტრენინგპროგრამებში; 100%-ით დააფინანსოს სპეციალურად საწარმოთათვის ორგანიზებული ტრენინგები.
თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო უზრუნველყოფს საერთაშორისო სისტემების და სტანდარტების დამოწმება/სერტიფიცირების მომსახურების 30%-ის გადახდას, ასევე, USAID/REAP-ს წარუდგენს საწარმოებს, რომლებსაც სურთ მართვის საერთაშორისო სტანდარტების და სისტემების (HACCP და ISO22000:2005) დანერგვის და დამოწმების / სერტიფიცირების კუთხით მომსახურების მიღება; სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო მოახდენს ტრენინგებში მონაწილეობისთვის შერჩეული საწარმოების კადრების მობილიზაციას და ხელს შეუწყობს ტრენინგების წარმატებით განხორციელებას. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2014 წლიდან ახორციელებს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 11 ახალი საწარმო. სახელმწიფომ გრანტის სახით უკვე გაიღო $ 3 172 198, ასევე, დამატებით განახორციელა ბენეფიციარი კომპანიების მიერ აღებული შეღავათიანი აგროკრედიტების – ჯამური ღირებულებით $3 666 582 – საპროცენტო ხარჯის წლიური 11% -ის თანადაფინანსება. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო 2013 წლიდან ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს, რომლებიც გათვილილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები