გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნას დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო

გუდაურში ზამთრის სეზონის ოფიციალურ გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. გუდაურში ასევე იმყოფებოდნენ სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, წელს სეზონი გუდაურში ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ადრე გაიხსნა, რაც განაპირობა ზამთრის საკურორტო ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში კი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედებამ. ის საშუალებას იძლევა კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს.
დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საკურორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კურორტის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაესაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ტურისტებმა გუდაურში თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ საჭიროების დროს მათთან მაშველები დროულად მივლენ.
გუდაურში ვიზიტის ფარგლებში, დიმიტრი ქუმსიშვილმა ოფიციალურად გახსნა გუდაურში კომპანია „რედკოს“ მიერ აშენებული ახალი სასტუმრო კომპლექსი, რომელიც 70 ნომრისგან შედგება და მოემსახურება 200–მდე დამსვენებელს. დღეის მდგომარეობით, ახალ გუდაურში, უკვე დასრულებული სასტუმროებისთვის კომპანია „რედკოს“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა შეადგენს 25 მილიონ დოლარს. ამასთან, გუდაურში, ახალი სასტუმროების მშენებლობის მიმდინარე პროექტებზე, კომპანია მომდევნო წლის განმავლობაში დამატებით 15 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. დასრულებულ სასტუმროებში ნომრების საერთო ოდენობა 300 ერთეულს შეადგენს და მთლიანობაში დაახლოებით 800 ადამიანზეა გათვლილი, გახსნილ სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 50 ადამიანს შეადგენს. კომპანიას, გუდაურში წარმოებულ მშენებლობებზე ჯამში დასაქმებული ჰყავს 300 ადამიანი.
დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე დაათვალიერა „რედკოს“ კიდევ ერთი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 2016 წლიდან საერთაშორისო ბრენდის „რედისონის“ 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო განთავსდება.
გუდაურში ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გაეცნო სამთო–სათხილამურო კურორტების დამგეგმავ კანადურ კომპანია „ეკოსაინის“ მიერ წარმოდგენილ გუდაურის განვითარების გეგმას. მსოფლიოში ცნობილ კანადურ კომპანიასთან ხელშეკრულება ქართულმა მხარემ გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება გუდაურის განვითარების გენერალურ გეგმაზე ე.წ. „მასტერპლანზე“ მუშაობა, რომელიც გამოავლენს, თუ რა კუთხით უნდა გაგრძელდეს კურორტის განვითარება, რამდენი საბაგირო უნდა დაემატოს, კიდევ რომელ ტრასებზე უნდა მოხდეს ხელოვნური გათოვლიანება და. ა.შ. „მასტერპანი“ ასევე მოიცავს კობი-გუდაურის განვითარების პროექტსაც. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ეკოსაინი“ მუშაობს გუდაურის სივრცით დაგეგმარებასა და განაშენიანების რეგულარულ გეგმაზე. ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოხდება კურორტის თანმიმდევრული განვითარება, რაც საგრძნობლად მოიზიდავს ინვესტორებს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურის სამთო ინფრასტრუქტურის გამართული მუშაობიდან გამომდინარე, კურორტი რეკორდულად ადრე გაიხსნა.
„ჩვენ ველოდებით სტუმრებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც. კურორტის სწორი განვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კურორტზე მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ“, – განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, კერძო სექტორი გააქტიურებულია, რაც გამოიხატება გუდაურში ახალი სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობაში. „ეს ამის იმის საწინდარი, რომ ჩვენ სტუმრებს უკეთესად დავხვდებით. ტურისტების მატება ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით სერვისებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
13 დეკემბერს გუდაურის მსგავსად, ზამთრის საკურორტო სეზონი ოფიციალურად ბაკურიანშიც გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები