გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს მოჰამედ აშრაფ ღანის შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს. საუბარი სატრანსპორტო თანამშრომლობის თვალსაზრისით “Lapis Lazuli”-ის პროექტს შეეხო, რომელიც ავღანური მხარის ინიციატივით, ავღანეთიდან დასავლეთში სატრანსპორტო, სატრანზიტო და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმისა და ძალადობის ნებისმიერ გამოვლინებას ავღანეთში, რომელსაც უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან.
„უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ მიმართული ასეთი სასტიკი და არაადამიანური ქმედებები, წარმოადგენს ძალიან მძიმე ხასიათის დანაშაულს, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობამ მკაცრად უნდა დაგმოს “, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მოჰამედ აშრაფ ღანიმ გიორგი მარგველაშვილს მადლობა გადაუხადა ავღანეთში NATO-ს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ საქართველოს მონაწილეობისათვის. თავის მხრივ, საქართველომ ავღანეთს სახელმწიფო სტრუქტურებში განხორციელებული წარმატებული რეფორმების თვალსაზრისით დახმარება აღუთქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები