გიორგი მარგველაშვილი: სამწუხაროდ, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილი ირანის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ეშაქ ჯაჰანგირს თურქმენეთში საქართველოს პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ირანთან კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების საკითხს და ორ ქვეყანას შორის თანამედროვე, მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო სახელმწიფოთაშორისი კავშირების გაღრმავებას.
“დღეს ჩვენ საინტერესო და ამავდროულად მეტად ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში გვიწევს მოქმედება. ტერორიზმი და მათ შორის განსაკუთრებით ISIS მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უდიდესი გამოწვევაა. ჩვენი მიზანია, ვეძებოთ გზები და განვამტკიცოთ პარტნიორობები, რომელიც ჩვენი ხალხის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს”, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
“როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ირანი რეგიონში მნიშვნელოვანი ქვეყანაა და სანქციების გაუქმების პირობებში საინტერესოა ირანთან ურთიერთობების გააქტიურება და ახალი ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტმა ირანულ მხარესთან საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არაღიარების პოლიტიკის აუცილებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამწუხაროდ, მოსკოვი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს. საქართველო მწუხარებას გამოთქვამს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აუცილებელია მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების შექმნა”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები