კომისია "მეცხრე არხის" ლიცენზიის გაუქმებაზე 24 მარტს იმსჯელებს

      საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში „მეცხრე არხის“ თანამგზავრული სისიტემების გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წარმოების არსებითი სხდომა შედგა. კომისიას სხდომაზე გადაწყვეტილება უნდა გამოეცხადებინა, თუმცა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი თანამშრომლებისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა რამაზ სამხარაძემ საკითხის გადადების შუამდგომლობა დააყენა, იმის მიუხედავად, რომ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სხდომას ეწრებოდნენ.
მისი განცხადებით, საინიციატივო ჯგუფი ტელეკომპანიის დამფუძნებლებთან შეხვედრას გეგმავდა მაუწყებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა დააკმაყოფილა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, „მეცხრე არხის“ სამაუწყებლო ლიცენზიის გაუქმების მიზნით დაწყებული საჯარო ადმინისტრაციული წრმოების მეორე არსებითი სხდომა 2014 წლის 24 მარტს, 16:00 საათზე ჩანიშნა. საკითხის გადადების შუამდგომლობის კენჭისყრაზე კომისიის წევრების ხმები თანაბრად გაიყო (აკაკი სიხარულიძე და ირაკლი მოსეშვილი მომხრე, სოფიო ბრიტანჩუკი და კახი ბექაური წინააღმდეგი), რადგან ორმა კომისიის წევრმა მიიჩნია, რომ საკითხის არსებითი სხდომის გადადება საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების ფაქტობრივ გარემოებებზე ცვლილებას ვერ მოახდენდა.
„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიის წევრებს შორის ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმა კომისიის თავმჯდომარეს ეკუთვნის, ამ შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს აკაკი სიხარულიძეს. შეგახსენებთ, კომისიამ ეს საკითხი კონტროლზე მას შემდეგ აიყვანა, რაც ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ დირექტორმა, ლუბა ელიაშვილმა 2013 წლის 19 აგვისტოს ტელეკომპანიის დახურვის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა და ამავე დღეს 21:00 საათზე, „მეცხრე არხმა“ მაუწყებლობა შეწყვიტა. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კი, სამაუწყებლო ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობის შეწყვეტა წელიწადში ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით, ან ერთი წლის განმავლობაში 120 დღით, ლიცენზიის გაუქმების საფუძველი ხდება. ტელეკომპანია „მეცხრე არხს“ თანამგზავრული სისტემების გამოყენებით, მაუწყებლობის ლიცენზიის გარდა, კომისიის უწყებრივი რეესტრის მონაცემებით ავტორიზაცია აქვს გავლილი მაუწყებლობაზე, რაც საკაბელო ქსელების გამოყენებით მაუწყებლობის ნებართვას იძლევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები