სამტრედიაში გულშემატკივრებმა მსაჯებს სცემეს
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური, განმეორებითი შეხვედრა მარტვილის “მერანსა” და ქობულეთის “შუქურას” შორის ჩხუბის გამო შეწყდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, გულშემატკივრები მსაჯებს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირპირდნენ.
ფედერაციის ცნობით, ანგარიში 2:2 იყო, როცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე “მერანმა” გოლის გატანა მოახერხა, თუმცა მსაჯებმა ერთხმად დააფიქსირეს თამაშგარე მდგომარეობა. ამის შემდეგ, ტრიბუნებზე მდგომარეობა დაიძაბა. მარტვილელთა გულშემატკივრებმა მოედნის მიმართულებით სხვადასხვა საგნების სროლა დაიწყეს. სულ ცოტა ხანში კი, დაახლოებით 200-მდე ადამიანი მოედანზე შეიჭრა და მსაჯებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შესაბამისად, მატჩის დასრულება შეუძლებელი გახდა. მსაჯები იყვნენ თორნიკე გვანცელაძე, ბესო ჭიჭინაძე, გურამ ჩიგოგიძე და ლევან კვარაცხელია.
აღნიშნულ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს. მატჩი სამტრედიაში, “ეროსი მანჯგალაძის” სახელობის სტადიონზე იმართებოდა.