„112“ მოსახლეობას მოუწოდებს, აირის დანადგარები სპეციალისტებს შეამოწმებინონ
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრი „112“ ბუნებრივი აირის დანადგარების გამოყენებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „112“ მოუწოდებს მოსახლეობას, რომ პრევენციის მიზნით, შესაბამის სამსახურებს შეამოწმებინონ ბუნებრივი აირის დანადგარები, რათა თავიდან იქნას არიდებული ფატალური შემთხვევები და მინიმუმამდე შემცირდეს მატერიალური ზარალის ოდენობა.
„112“-ის მისიაა, გადაუდებელი დახმარების აღმოჩენისთვის საჭირო დროის შემცირება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, მოქალაქემ მყისიერად დარეკოს ცენტრში, რათა „112“ – ის ოპერატორების მიერ ოპერატიულად მოხდეს შესაბამისი სამაშველო სამსახურების მობილიზება შემთხვევის ადგილზე“, – აცხადებენ „112“ – ში.
ცნობილია, რომ „112“-მა მოსახლეობას დაკავშირების ალტერნატიული, ახალი გზა შესთავაზა – ხანძრის და მხუთავი აირისა (CO) დეტექტორების ჩართვა „112“-ის სისტემაში. აღნიშნული სერვისის მიზანია, მხუთავი აირისა (CO) და ხანძრის კერის წარმოქმნისთანავე საფრთხის პრევენცია, ფატალური შედეგების დადგომამდე.
„112“ – მა მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ახალი სერვისი მოსახლეობის ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს. დაწყებულია მუშაობა პროექტის კორექტირებაზე, რაც ითვალისწინებს სერვისში ჩართვის საფასურთან დაკავშირებული საკითხის ცვლილებას. აბონენტი საკუთარი რესურსით დააყენებს დეტექტორს ან/და თუ უკვე სარგებლობს არსებული პროდუქტით, აღარ გადაიხდის „112“ – ის სერვისში ჩართვის და ყოველთვიური მომსახურების სააბონენტოს“,-აცხადებენ “112“ -ში .