„ტერორისტული ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უნდა დაისაჯონ“
ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრების ფოტოკადრებს საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევი ეხმაურება. მისი განცხადებით, ნათელია, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი მოკლეს.
იმ პირთა დასჯას ითხოვს, ვინც ყოფილი პრემიერისა და ქვემო ქართლის გუბერნატორის ყოფილი მოადგილის გარდაცვალების ფაქტზე არასწორად წარმართა გამოძიება და მკვლელობის ნამდვილი მოტივი დამალა. მისი თქმით, რაულ უსოპოვი მორწმუნე მუსულმანი იყო და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ გარდაცვლილს შეურაცხყოფა მიაყენა.
„ეს იყო ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის მკვლელობა. ეს საკითხი დღემდე საზოგადოებისთვის განსჯის საგანია. წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საკითხით მანიპულირებდა. ეს არის სერიზული ფაქტი და ქვეყნის სირცხვილი, როდესაც ქვეყანაში პრემიერ-მინისტრი გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ტერორისტული ორგანიზაცია იყო. ადამიანებს კლავდნენ და უგზო-უკვლოდ იკარგებოდნენ. ეს არის პრემიერ-მინისტრის აბუჩად აგდება და უპატივცემულობა. თანაც, ეს ყველაფერი იმ ხალხმა შეთხზა, ვინც თავად ზურაბ ჟვანიამ გაზარდა. დღეს ისინი ჩუმად არიან, ნამდვილად სირცხვილია. ყველა ის ადამიანი უნდა დაისაჯოს, ვინც ეს საქმე „შეკერა“ და საზოგადოებას გარდაცვალების სულ სხვა მოტივი შესთავაზეს – დაწყებული სამართალდამცავებიდან, ექსპერტებით და პროკურორებით დამთავრებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაიგმოს, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. მე ვთვლი, რომ ამ ორგანიზაციაში „ალ ქაიდაზე“ უარესები არიან, თავიანთი ქვეყნის მოქალაქეების ასეთი აბუჩად აგდების გამო“, – აცხადებს ალი ბაბაევი „კვირასთან“ საუბრისას.
ბაბაევის თქმით, ის რაულ უსუპს კარგად იცნობდა და სამსახურში მისი რეკომენდაციით დაინიშნა.
„უსუპოვი მორწმუნე ადამიანი იყო. მორწმუნე მუსულმანი სპეტაკი და სუფთა ადამიანია. რაულ უსუპოვი თელავის რაიონიდან იყო, ქართულენოვანი, ინტეგრირებული ახალგაზრდა ბიჭი ზურაბ ჟვანიას ახალგაზრდულ ფრთაში იყო. რაულ უსუპოვი სამსახურში ჩემი რეკომენდაციით მიიღეს. მას ძალიან უყვარდა თავისი ოჯახი. ეს ყველაფერი, რაც „ნაციონალებმა“ გამოიგონეს, „ბლეფია“. რაული 6 თვე მუშაობდა ჩემთან. თანასოფლები დღესაც ამაყობენ მისით. ყველაფერი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოიგონა, სირცხვილია. სირცხვილია იმ პრეზიდენტისა და იმ დეპუტატების, ვინც დღეს პარლამენტში ზის და სამართლიანობას ითხოვს. ისინი თავად იყვნენ კორუმპირებულები და მკვლელები“, – აცხადებს ალი ბაბაევი.