„საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ ვიზალიბერალიზაციის დასკვნა პოზიტიური იყოს“
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განაცხადებით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის დასკვნა პოზიტიური იყოს.
ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში ევროპარლამეტი რატიფიცირებაზე მსჯელობას დაიწყებს.
“ყველამ ვიცით, რომ 15 დეკემბერს ველოდებით ევროკომისიისგან საბოლოო დასკვნას ტექნიკურ მისიაზე. საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ აღნიშნული დასკვნა იყოს პოზიტიური და იმ შემთხვევაში, თუ დასკვნა პოზიტიური იქნება, ამის შემდეგ უკვე პროცედურულად ეს დასკვნა გადაეგზავნება ევროპარლამენტს, სადაც დაიწყება უკვე მსჯელობა და აღნიშნულის რატიფიცირება. შემდეგ უკვე ყველაფერი ევროპარლამენტზე იქნება დამოკიდებული”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.