პროექტის – “კინო სკოლაში” დახურვის ცერემონია გაიმართა
პროექტის – „კინო სკოლაში” სეზონის დახურვა ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დასკვნითი ღონისძიებით აღინიშნა. სეზონის დახურვას საქართველოს ყველა რეგიონიდან 2000-მდე კინოსკოლელი დაესწრო. ღონისძიება ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 6 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართა.
„კინო სკოლაში” ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კინოჩვენებებისა და დისკუსიების გარდა, პროექტის ფარგლებში კინოსკოლელების მიერ 150 კინოპოსტერი შეიქმნა. საუკეთესო 10 ნამუშევარი პროფესიონალების მიერ გამოვლინდა. გამარჯვებული „კინოსკოლელები“ საქართველოს 10 რეგიონიდან მათივე რეგიონების წარმომადგენლებმა სამახსოვრო საჩუქრებით ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის სცენაზე დააჯილდოვეს. პროექტში მონაწილე სკოლებს კი სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ. ღონიძიებაზე ასევე შედგა „კინოსკოლელების“ მიერ გადაღებული სასწავლო ფილმებისა და ქართველი პროფესიონალი რეჟისორების – დათა ფირცხალავას, ტატო კოტეტიშილის, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება.
პროექტი „კინო სკოლაში” 2014 წელს დაიწყო და თავდაპირველად საქართველოს 5 რეგიონის 40 სკოლა მოიცვა. ამჟამინდელი მონაცემებით კიპროექტში ჩართულია საქართველოს ყველა რეგიონი, 207 სკოლა, 120 სოფელი, მათ შორის საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მდებარე და მაღალმთიანი სოფლები. ისეთები როგორიცაა: შუაფხო, ღები, განმუხური, კოკი, რუხი, პანკისის ხეობა, ერგნეთი, კნოლევი… „კინო სკოლაში” ახალ სეზონს 2016 წლის მარტში დაიწყებს.