ქედის რაიონის 60-მდე სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი
დიდთოვლობის გამო ქედის რაიონის 60-მდე სოფელს ელექტროენერგია მეორე დღეა არ მიეწოდება.
როგორც „კვირას“ ქედის გამგებელმა დავით დუმბაძემ განუცხადა, გადაუღებელი თოვის შედეგად დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რის გამოც მოსახლეობის 80 პროცენტს დენი არ მიეწოდება.
მისივე ინფორმაციით, გუშინ დენის გარეშე მხოლოდ 5 სოფელი იყო დარჩენილი.
დუმბაძის თქმითვე, ამ დრომდე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. იწმინდება სოფლებში მისასვლელი გზები.
ქედაში ამ დრომდე გადაუღებლად თოვს. თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა ასევე ხულოს რაიონსაც. ელექტროენერგია დღეს დილიდან 40-მდე სოფელს არ მიეწოდება. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ინტენსიური თოვის მიუხედავად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს.