ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს

სასტუმრო „რედისონში“ ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის მინისტერიალის 26-ე შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ენერგეტიკული ქარტიის კონფერენციის თავმჯდომარის, ვიცე-პრემიერის კახა კალაძის მოწვევითა და საქართველოს თავმჯდომარეობით იმართება.კონფერენციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებიან.
კონფერენციაზე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრის თემაა, რეგიონალური თანამშრომლობის ხელშეწყობა ენერგიის ტრანსასაზღვრო ვაჭრობის მეშვეობით. მისი თქმით, საქართველო, როგორც ენერგეტიკული ქარტიის თავმჯდომარე, კავკასიის რეგიონში განიხილება, როგორც ფლაგმანი ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საქმეში.
„ჩვენი უმთავრესი მიზანია, გაძლიერდეს რეგიონული თანამშრომლობა ელექტროენერგიით ვაჭრობის მეშვეობით, აგრეთვე, ხელი შეეწყოს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განვითარდეს ეფექტური სატრანსპორტო დერეფანი და მოიზიდოს მასშტაბური ინვესტიციები რეგიონულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში, აგრეთვე, მნიშვნელოვნად იქნა შესწავლილი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ელექტროენერგეტიკაში. ამის დასტური კი სწორედ ის არის, რომ საქართველომ ევროკავშირის ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით შავი ზღვის ელექტროგადამცემი ქსელის პროექტი განახორციელა, რომლის ოპერირებაც 2013 წელს დაიწყო. „პროექტი აფართოებს საქართველოს გადამცემ სისტემას მეზობელი სახელმწიფოების, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით და უზრუნველყოფს რეგიონში ელექტროენერგიის იმპორტის და სატრანზიტო ოპერაციების საიმედოობას. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ენერგეტიკაში და მიზნად ისახავს საქართველოსა და თურქეთის ელექტროგადამცემ ქსელებს შორის 700 მილივატი სიმძლავრის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.
კალაძემ განმარტა, რომ პროექტის ლოგიკური გაგრძელება მოიცავს რუსეთთან, აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთიანი ქსელის ჩამოყალიბებას იმისათვის, რომ შეიქმნას რეგიონალური ენერგეტიკული ბაზარი, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის თავისუფალ და ურთიერთსასარგებლო ტრანსასაზღვრო გადადინებას.
მისივე თქმით, საქართველომ დაასრულა 500- კილოვატიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანთან. მოახდინა რუსეთთან დამაკავშირებელი 500 -კილოვატიანი გადამცემი ხაზის რეაბილიტაცია და უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქვს სომხეთთან დამაკავშირებელი 500- კილოვატიანი გადამცემი ხაზის ექსპლუატაციაში გაშვება.
„მე მჯერა, რომ ელექტროენერგიის დერეფნის განვითარება მთელ სამხრეთ კავკასიაში მოუტანს რეგიონს სარგებელს რიგ ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვით საკითხებში. ეს მინისტერიალი მიზნად ისახავს ფორუმზე შეხედულებების გაცვლასა და მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციის მიწოდებას, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ენერგეტიკის სფეროში. დღეს დისკუსია მოგვცემს საშუალებას, რომ ავსახოთ ჩვენი თანამშრომლობის სარგებელი და მოვამზადოთ ერთობლივი რეაგირება ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევების წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ქარტიის კონფერენცია ორი დღე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები