ევროკავშირი იუსტიციის სამინისტროს 2 მილიონი ევროთი დაეხმარება

ევროკავშირი საქართველოს, კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების ხელშეწყობისათვის 2 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ბენეფიციარები საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ები „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ და „აღსრულების ეროვნული ბიურო“ არიან. ორწლიანი პროგრამის ბიუჯეტი 2.000.000 ევროა და მას ახორციელებს „GIZ“-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“.
პროექტის პრეზენტაცია 2 დეკემბერს სასტუმრო „რადისონში“ გაიმართა და მას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე დაესწრო. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე, გერმანიის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კატარინა დერკორნი, „GIZ“-ის სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი მარია შეფერი.
პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საჯარო რეესტრსა და აღსრულების ბიუროს სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირის სამართალთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოების კუთხით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. ამას გარდა, პროექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება საჯარო რეესტრის შესაძლებლობები საკუთრების რეგისტრაციის, უფლების დაცვისა და მიწის მართვის საკითხებში. იგი ხელს შეუწყობს ქონების რეგისტრაციის ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას და შესაბამისი სახელმძღვანელოს შექმნას, მიწის ადმინისტრირების განვითარების სტრატეგიის შემუშავებას, სასწავლო პროგრამების მოდულების შექმნას და შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას.
დღემდე იუსტიციის სამინისტრო ევროკავშირთან, ძირითადად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმის კუთხით თანამშრომლობდა; ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ კი თანამშრომლობის სფერო სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის რეფორმებსაც მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები