სერგეი ლავროვი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შესახვედრად მზად არის
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ის არ აპირებს, თავი აარიდოს თურქეთის საგარეო სამეთა მინისტრთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრას ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის პარალელურად, რომელიც ბელგრადში 3-4 დეკემბერს გაიმართება.
ლავროვმა აღნიშნა, რომ ჩავუშოღლუს რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების მეორე დღეს ესაუბრა, მაგრამ მისგან იმაზე მეტი არ მოუსმენია, ვიდრე ის, რასაც თურქეთის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აცხადებდნენ.
„ახლა თურქეთის მხარე დაჟინებით ითხოვს შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ბელგრადში. ჩვენ ამ კონტაქტისგან თავის არიდებას არ ვაპირებთ. ვნახოთ, რაც გვეტყვის ბატონი ჩავუშოღლუ. შესაძლოა, გაჩნდეს რამე ახალი იმასთან შედარებით, ვიდრე სახალხოდ იყო გაცხადებული“, – ამბობს ლავროვი.
ამასთანავე, ლავროვმა აღნიშნა, რომ თურქეთი თავად უნდა მიხვდეს, რა უნდა მოიმოქმედოს თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ და რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები ამ სიტუაციაში ვერ გაგრძელდება პრინციპით: Business as usual. ლავროვს მიაჩნია, რომ თურქეთის ეს აქცია ტერორიზმთან ბრძოლის პრინციპებსა და ამოცანებს ეწინააღმდეგება.
შეგახსენებეთ, რომ თურქულმა საჰაერო ძალებმა რუსული თვითმფრინავი 24 ნოემბერს ჩამოაგდეს.