გერმანიის მთავრობამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეიარაღებული ძალების გამოყენებას მხარი დაუჭირა
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ სირიაში, ანტიტერორისტულ ოპერაციაში, ბუნდესვერის მონაწილეობას მხარი დაუჭირა. საუბარია გერმანიის შეიარაღებული ძალების ბოლო დროის ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციაზე. მასში 1 200 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. ახლა ამ საკითხს ქვეყნის პარლამენტმა უნდა დაუჭიროს მხარი. თუმცა, გერმანული მედიის ცნობით, აქ პრობლემები მოსალოდნელი არ არის. კერძოდ, საუბარია „ტორნადოს“ ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავების, ასევე მფრინავი ტანკერის გამოყენებაზე. გარდა ამისა, ფრანგული ავიამზიდის „შარლ დე გოლის“ დასაცავად გერმანია ხმელთაშუა ზღვაში ფრეგატს გააგზავნის. ოპერაცია 2016 წლის 31 დეკემბრამდე გასტანს. მისი სავარაუდო ღირებულება 134 მილიონ ევროს შეადგენს.