ამერიკელი დიპლომატი: თურქეთი რუსეთისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეების დახურვას არ აპირებს
„თურქეთი რუსული გემებისთვის ბოსფორის და დარდანელის სრუტეების დახურვას არ აპირებს. ეს ეხებათ როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო გემებს, – ამის შესახებ ნატოში აშშ-ის წარმომადგენელმა დუგლას ლიუტმა განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების ერთგული რჩება, რომელიც სრუტეებში ხომალდების დაუბრკოლებლად გატარებას ეხება. ლიუტმა ეს კომენტარი ჟურნალისტების კითხვაზე გაკეთა, თუ რამდენად არის შესაძლებელი შავი და ხმელთაშუა ზღვის დამაკავშირებელი სრუტეების გადაკეტვა იმ შემთხვევაში, თუ თურქეთს სამხედრო საფრთხე დაემუქრება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთმა შეიძლება ბოსფორი და დარდანელი გადაკეტოს, რუსულ მედიაში გავრცელდა.
მედიაში გამოქვეყნდა იყო მასალები, რომ თურქეთის მიერ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის ან სამხედრო საფრთხის შემთხვევაში, სრუტეებში სამხედრო ხომალდების გატარების საკითხს ანკარა გადაწყვეტდა. მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო და სამხედრო გემები სრუტეებში თავისუფლად გადაადგილდებიან. თურქეთის ოფიციალურ სტრუქტურებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.