შს მინისტრისთვის უცნობია, ვინ გაავრცელა ჟვანიასა და უსუპოვის ფოტოები
მართებული იქნება, თუ ჟვანიას საქმით სპეკულირება არ იქნება მაღლა აწეული – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ განუცხადა.
შს მინისტრის განმარტებით, მისთვის უცნობია, საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში.
“მართებული იქნება, თუ ჟვანიას საქმით სპეკულირება არ იქნება მაღლა აწეული. ჩემთვის უცნობია, თუ საიდან და რა გზებით აღმოჩნდა ფოტოები სოციალურ ქსელში. გამოძიება მიმდინარეობს პროკურატურაში და დაველოდოთ შედეგებს”, – აღნიშნა ალექსანდრე ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის ცხედრების კადრები გავრცელდა. კადრების ნაწილი ბინაში, ხოლო ნაწილი პროზექტურაშია გადაღებული. გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცხედრებს სხვადასხვა სახის დაზიანება აღინიშნებათ. ვიდეო იუთუბიზე ჰაკიმ ფაშას სახელით არის ატვირთული.